თეგი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“

9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება

9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! "შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს" - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, სამართლიანი არჩევნების და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ერობლივი ღონისძიების ანონსს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

მეუფე ზენონი: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის შინაარსი და ფორმულირება ეკლესიის სტიგმატიზირების საფრთხესაც ქმნის

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს,“ - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი(იარაჯული) განცხადებას ავრცელებს. მთავარეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია.“ „მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს სახელმწიფოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ სუბიექტებს, თუ მის მიერ „კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“, სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ (იხ. მუხლი 2.1). კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ დაწესებული რეგულაციები ვრცელდება როგორც სრულიად არასამთავრობო სექტორზე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (საქართველოს საპატრიარქო) მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან მიმართებაში, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს ცნებაში თავსდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საქართველოს პარლამენტის პატივცემულო წევრებო, როგორც ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების ოთხწლიანი პროცესის წარმმართველთაგანი (დასრულდა 2002 წლის სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით), მოგახსენებთ: ეკლესიის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება შეუძლებელია აარსებდეს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის ორგანიზაციას“ და აღნიშნული ფორმულირებით ლეგიტიმაციას ახდენდეს. შეუძლებელია, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირებული სუბიექტი ან წარმომადგენელი ფიზიკური პირი, სახელმწიფოს წინაშე იძენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის სტატუსს და ამ სტატუსით მოქმედებს. კონსტიტუციურ შეთანხმებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესიამ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, უნდა დაიცვას სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის წინაშე აღებული სამართლებრივი ვალდებულებები. დაუშვებელია, თავისთავად ეკლესიამ შექმნას პირობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მითუმეტეს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იგი როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი. ამიტომ, კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რადგან კანონპროექტი წარმოადგენს ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტ-ინსტიტუციის თვითდისკრედიტაციის პირობას. წარმოადგენს ეკლესიის ინსტიტუციური სტიგმატიზირების საფრთხეს. როგორც სახელმწიფო ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის, ასევე, ეკლესია ვერ იქნება დამფუძნებელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციის. (იხ. კონსტიტუციური შეთანხმება. პრეამბულა; იხ. მუხლი 1. 1. იხ. მუხლი 1. 3 ). საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლი განმარტავს - ,,რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში“. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“ (იხ. მუხლი 1.1). რაც შეეხება გამჭირვალობის აუცილებლობას საქართველოს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომელთა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური ფუნქციაა, ამა თუ იმ იურიდიული პირთან, ორგანიზაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში აწარმოონ ფინანსური და მასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონიტორინგი. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს საჭირო, გამჭირვალობის, მონიტორინგის საწარმოებლად, დამატებით ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით მოცემულია დიფერენციაცია, რის გამოც გარკვეულ იურიდიულ პირებზე არ განივრცობა აღნიშნული კანონი, რაც უფლება-შესაძლებლობას უტოვებს მათ, თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის მიღმა. საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული „სახელმწიფოები”. თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, ტერიტორია ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეული იქნეს შესაბამისი გამჭირვალობისა და კონტროლის ქვეშ. საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის, ოკუპირებული ტერიტორიების „სუვერენიტეტის” მაღიარებელი ქვეყნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია. კიდევ ერთხელ დავსძენ, სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული აქვთ ვალდებულება, აწარმოონ მონიტორინგი საქართველოს საზღვრებს მიღმა არსებული ნებისმიერი ქვეყნიდან ამა თუ იმ ორგანიზაციის შემოსავლებზე. გახანგრძლივებულ დროში საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ცალსახად უარყოფითი შეფასება, საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოსთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე, პასუხი გასცეს კითხვას: რა სარგებელი აქვს საქართველოს სახელმწიფოსათვის, მისი უსაფრთხოებისთვის ევროპული ერთობის მოწოდების უგულებელყოფას. სტიგმატიზირების საფრთხე კანონი ძველ ბერძნულ სამყაროში აღმოცენდა და იგი მიმართულების საზომს წარმოადგენდა. თავდაპირველი ხელოვნების ნიმუშისგან ის შემდეგ თეორიად იქცა და ასე დამკვიდრდა ეს ცნება სამართლის ფურცლებში დადგენილი ნორმის წარმოსადგენად. ცივილიზებულ სამყაროში კატეგორიულად დაუშვებელია, მით უმეტეს, სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე სოციალური სტიგმატიზაციის პირობების დაკანონება, რადგან სტიგმატიზირება (დაღდასმა) მიმართულია ადამიანის სოციალური უარყოფისკენ. იგი ნასაზრდოებია დისკრედიტაციის პათოსით და მისი თანმხლები არის ადამიანის დისკრიმინაციის ამაზრზენი პროგრესი. სტიგმატიზირებული ადამიანი დგება ისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რაც საბედისწერო შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის. სტიგმა, დეფექტის აღბეჭდვასთან ასოცირდება და მისი სათავე ქრისტიანობამდელ სამყაროში იძიება. სტიგმას გამოსახავდნენ საზოგადებისთვის მიუღებელ ადამიანზე, ეს იქნებოდა განსაკუთრებული დამნაშავე, მონა თუ მოღალატე. სტიგმატიზაციისადმი მგრძობიერია ადამიანი და მით უმეტეს, თანამედროვე ადამიანი. მისი აღქმა შესაბამის გავლენას ახდენს პიროვნების იდენტობაზე. სტიგმატიზირება არსებითად შეუთავსებელია სამართლებრივ გარემოსთან და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისათვის. სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების “სტიგმით მონიშვნა”, არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგასაკაცობრიო ღირებულებებთან. რაც უფრო ცივილიზებულია გონება, სამართლის ნიმუშიც მით უფრო მეტ სარგებელს იძლევა, რადგან კანონი თავისუფლების პირმშოა ( სახელმწიფოსთვის თავისუფლების გაგების განსაზღვრება კონსტიტუციით დეკლარირებულია). კანონპროექტის “ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოცემული კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე საფრთხე, რომელიც პროვოცირებს მოქალაქის, მის მიერ შექმნილი ორგანიზაციისა და ზოგადად, ნებისმიერი არასამთავრობო ინსტიტუციის (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზაციას, რომლის აგრესიული ბუნების თანმხლებია „სასურველ და „არასასურველ პირთა“ კატეგორიებად დაყოფა, მარგინალიზაცია, შევიწროება-რეპრესია, სოციალური უთანასწორობა და საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირება, გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა ხელისუფლების, ეკლესიის და საზოგადოების მხრიდან,” - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერი: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც საჯარო დისკუსიას გავმართავ

„ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ, დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. „ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო. აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა. უნდა ვიფიქროთ, რომ საბოლოოდ, სწორედ მათ შესძინეს აქციებს ქართული კულტურისთვის მისაღები, მშვიდობიანი სახე. ემოციები უმეტესწილად ჩაცხრა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. ბევრი იმასაც გაიხსენებდა, რომ გარედან ზუსტად ასევე გვაშანტაჟებდნენ, როდესაც ჩვენგან სანქციებზე მიერთებას და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას, მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, სასამართლო ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორღვევას, თითქოსდა მომაკვდავი სააკაშვილის გათავისუფლებას, გვარამიას ციხიდან გაშვებას, კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ყველას ახსოვს, რომ არცერთ ამ შეურაცხმყოფელ მოთხოვნას არ დავთანხმდით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღეთ. თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ყველას ახსოვს, რომ მმართველი გუნდი მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამგვარი ღია დისკუსია იმ ქვეყნების ელჩებსაც შევთავაზეთ, რომლებიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკანონმდებლო დებატებში უხეშად ერეოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ელჩები საჯარო დისკუსიას გაექცნენ, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, ზღვის თუ ოკეანის გაღმიდან, კვლავაც არგუმენტებს მოკლებული უხეში განცხადებების კეთება განაგრძეს. ზუსტად ანალოგიურად გაექცნენ ჯანსაღ დისკუსიას რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ. საქართველოს მომავალი ახალგაზრდებს ეკუთვნის. ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ. ეს ქვეყანა მომავალში ერთად უნდა მართონ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს იწონებენ ან აპროტესტებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. შესაბამისად, ყველა ჯანსაღ ახალგაზრდასთან შეხვედრა და მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. მზად ვარ, მათგან არა მხოლოდ მოვისმინო, არამედ, სათანადო შემთხვევაში, აგრეთვე გავიზიარო შენიშვნები და ახალგაზრდებისგანაც ასეთივე დამოკიდებულებას მოველი. თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს. ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ. იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. მოძრაობა „ჯიუტი“ კობახიძის შეთავაზებას განცხადებით პასუხობს და "მკაცრად ემიჯნება" ყოველგვარ დისკუსიას ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე. „მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს," - წერია განცხადებაში. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.